დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა, სადაც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ღლონტმა ახალი პროექტი წარმოადგინა.
"მოხდება სოფლის მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვა. მოსახლეობის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, შეავსონ რამდენიმე ველი საკუთარი ვინაობის შესახებ. ასევე მათ აქვთ უფლება, ვინაობის გამხელის გარეშე დაასახელონ, რა პრობლემებია მათ სოფელში მოსაგვარებელი", _ თქვა ღლონტმა.
ამ წინადადებას არ დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე.
„ეს ფორმა ჩვენთვის მიურებელია! შეურაცხმყოფელიც კი არის! ჩვენი მიზანი და ამოცანაა, მოსახლეობა ჩარტული იყოს თითოეული საკითხის დაგეგმვაში, მის გახორციელებაში. ეს არაა რეფერენდუმი ან არჩევნები, რომ ვინაობის დაფარვა იყოს საჭირო! ეს პროექტი არ მინდა იყოს პროექტი პროექტისთვის. ეს ხომ სოციოლოგიური კვლევა არაა?“ _ აღნიშნა კვერღელიძემ.
მიუხედავად თამარ ღლონტის მოსაზრებებისა, დიმიტრი კვერღელიძემ და დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ ვინაობის დასახელება უფრო მიზანშეწონილია. რაც შეეხება „ნაციონალ“ დეპუტატებს საკრებულოში, მათ თქვეს, რომ ვინაობის დასახელება საჭირო არ არის.
„არც ისაა პრობლემა, თუ გვარ-სახელ მიუთითებენ სოფელში არსებული პრობლემის დასახელებისას, თუმცა ისიც მისაღებია, თუ არ დაასახელებენ“, _ თქვა მიხეილ გოგოტიშვილმა.
საბოლოოდ, დისკუსიის მონაწილე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე განიხილონ ეს საკითხი და სასურველ ვერსიაზე ერთობლივად შეთანხმდნენ.