ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში გამარჯვებული დეპუტატი ბესიკ ქათამაძე მედიასთან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ტერორისა და მუქარის არასასურველი შედეგის მიღებისდა მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ ზეწოლას და მუქარებს:
"ამ საქმეში ჩართულია ხელისუფლების ყველა პასუხისმგებელი პირი, მათ შორის სამართალდამცავებიც, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან და აშინებენ, ატერორებენ ჩემს მხარდამჭერებს, ნახეთ, რა გიქნათო, წამალს ჩაგიდებთო, დაგიჭერთო, "715" –არ გაგახარებთო.
მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს აღმოფხვრან "ოცნებისეული" მანკიერი პრაქტიკა და ალაგმონ აღვირ ახსნილი პირთა დანაშაულებრივი ქმედებები რომლებიც ატერორებენ სოფელს მაცხოვრებლებს, ხოლო ახალგაზრდებს დაჭერებით ემუქრებიან, რაც ფრიადზე დაიწყეს დღეს, ასე გააგრძელეთ ბატონებო და ოქტომბერში 41 ხმასაც ვერ წაიღებთ ნასაკირალიდან!"_ ამბობს ქათამაძე.
ოზურგეთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაიო მდივანი ჯაბა ღლონტი კი, კონკრეტულ ფაქტს ასახელებს:
"რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც ბესოს მხარდასაჭერად თურქეთიდან ჩამოვიდა, ამჟამად პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. ეს არის "ქართული ოცნების" და მათი ლიდერების უგუნური ნაბიჯი, სადაც ჭკუა არ უჭრით იქ ძალას მიმართავენ. მოგიწოდებთ, შეეშვათ უღირს ქმედებებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ნუ ცდილობთ ოზურგეთში პოლიტიკური სიტუაციის არევას. ეცადეთ როგორმე მშვიდობიანად გადააგოროთ ეს 4 თვე და ღირსეულად წაბრძანდეთ სახლებში", _ აცხადებს ღლონტი.
გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი "გურია ნიუსთან" ქათამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კეტეგორიულად უარყოფს "ტყუილს" უწოდებს.
"რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ, ხალხი იხალისებს. ეს არის მათ მიერ ამუშავებული სიცრუის მანქანა, ისეთივე, როგორც მათ არჩევნებეზე მოატყუეს მოსახლეობა", _ განაცხადა ერქომაიშვილმა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოფიციალურად არ დასტურდება შსს ოზურგეთის რაიონულ პოლიციაში დაბა ნასაკირალში მცხოვრები ახალგაზრდების დაკითხვაზე ყოფნა.