“ზრდასრული, განათლებული და პრინციპული ადამიანი მე როგორ უნდა მეიძულებინა წასულიყო თანამდებობიდან? მან გადადგა ღირსეული ნაბიჯი" _ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი წასლის თაობაზე ადრეც ეკითხებოდა:
_ ღარიბაშვილი მე არ გამიცნია პოლიტიკაში. მას უფრო ადრეულ დროსაც ჰქონდა საუბარი ჩემთან, ჰქონდა შეკითხვები ხომ არ ჯობია წავიდე? როგორც უფროს მეგობარს მეკითხებოდა. რომელ ქვეყანაში გინახავს ასეთი პრეცედენტი _ მოვიდა პიროვნება, შეკრა გუნდი და წავიდა პოლიტიკიდან.
მე მოვედი იმ განცდით, რომ ჩემს ქვეყანას დავხმარებოდი. წინასწარ გამოვაქვეყნე წერილი, სადაც დავწერე რა პერიოდში წავიდოდი პოლიტიკიდან და იმ დროში წავედი.
უპრეცედენტო რამ მოხდა ქვეყანაში, მოვედი, გადავალაგე ყველაფერი და ხელისუფლების ზენიტში მყოფი გადავდექი თანამდებობიდან.
ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა ის ფასეულობები რასაც პატივს ვცემდი. მან რაც შეძლო გააკეთა, თავად დასვა კითხვა, ხომ არ ჯობია წავიდე? ეს ბერკეტი გახლდათ ჩემი პრინციპი, რაც სჭირდებოდა ახალგაზრდა პოლიტიკოსს. ეს მე დავაფუძნე. ყველა შეხვედრაზე მეკითხებოდა ხომ არ ჯობია წავიდე ბატონო ბიძინა?! _ მე ყოველთვის ჩემს აზრს გამოვთქვამდი.
ვაფასებდით ერთდროულად ყველაფერს. გუნდის წევრები მას პატივს სცემენ. ჩემი წონა და სიმძლავრე არის ჩემს მიმართ ხალხის დამოკიდებულება. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა და გადააფასა მისი პრემიერობის დროს განვითარებული მოვლენები და ღირსეულად წავიდა" _ განაცხადა "რადიო თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტ „ ინტერVIEW“ -ში.