შედეგები არის უმძიმესი. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დასკვნა 2004-2012 წლებში მომხდარი ძალადობრივ დანაშაულებებზე, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.
“ჩვენ გავაანალიზეთ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა და დავასკვენით, რომ ძალადობას მასობრივი და სისტემური ხასიათი ჰქონდა. საპატიმრო ან პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილი ადამიანების 80%-ზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა.
ამ პროცესში ჩართული იყო ყველა უწყება-პროკურატურა, პოლიცია, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასამართლო და სახალხო დამცველის ოფისიც კი, რომლის ანგარიშებიდან, ბოლო წლებში, წამების ფაქტები საერთოდ გაქრა. სასამართლო ნაწამებ ადამიანებზე არავითარ რეაგირებას არ ახდენდა. სასჯელაღსრულებაში ადგილი ჰქონდა ადამიანების მასობრივ წამებას, მათ შორის – წამებას მოხრჩობით, დაკიდებით, ელექტროდენით, წყალში ჩაძირვით და სხვა მეთოდებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, კომიტეტი პარლამენტს შემაჯამებელი დადგენილების მიღებას სთავაზობს.
“პარლამენტს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს ჩვენს რეკომენდაციებს, ანუ – მომავლის ხედვას. ეს საჭიროა იმისთვის, რათა მსხვერპლთათვის შეთავაზებულ იქნას სამართლებრივი გარანტიები, უფასო იურიდიული დახმარება, ფსიქორეაბილიტაცია… ადამიანის უფლებების კუთხით, მიღებული იქნება ახალი სტანდარტი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო როდესმე აღმოჩნდეს მწამებლისა და მჩაგვრელის როლში”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება, სამართლებრივი პასუხი გაეცა.
“პარლამენტის დადგენილება დაასრულებს წლების განმავლობაში მუდმივად დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დადგენილებას მიიღებს, ამ მასალებს პროკურატურას გადავცემთ”, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ანგარიშის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოქვეყნდა.
“ევროპული ქვეყნების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ყველას მივაწვდით ანგარიშს, რათა ყველამ ნახოს, რა სისასტიკე გამოიარეს ჩვენმა მოქალაქეებმა იმ მოძალადე პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ამბობდა, რომ პროდასავლური იყო. სინამდვილეში, ამ ადამიანებს დასავლურ ღირებულებებთან არაფერი აკავშირებდათ, მათ შექმნეს უსასტიკესი, დაუნდობელი სისტემა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და დაასახიჩრა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.