"გურია ნიუსის" ჟურნალისტურ გამოძიებას "რეფორმების პიარს შეწირული 7 შვილის მამა 20-წლიან სასჯელს დღესაც იხდის" კონკრეტული შედეგი მოჰყვა _ პროკურატურამ ბადრი ვაშალომიძის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში უთხრეს, ამ მოთხოვნით მათ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმართა და მასალებიც გადაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ მაღალი თანამდებობის საჯარო პირების მოკვლის ორგანიზებისთვის, 7 შვილის მამას ბარდი ვაშალომიძეს 20 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ზურა ვაზაგაშვილის საქმის პროკურორმა თენგიზ ხარებავამ, გირვლიანის, მოლაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მიიღეს, რომელთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა _ მაია ოშხარელმა, დავით სულაქველიძემ და გიორგი შავლიაშვილმა საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით ვაშალომიძეს 5 პირის მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად, სასამართლოში წარდგენილ მასალებში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებს დაზარალებულების სტატუსით _ გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა.
ზეწოლის, დაშინების, მუქარის მიუხედავად, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს.
იგი დღესაც სასჯელს იხდის, მისივე თქმით, მხოლოდ “რეფორმების პიარის“ გამო და სამართლიანობის აღდგენას ელოდება.
იხილეთ სტატია: რეფორმების პიარს შეწირული 7 შვილის მამა 20-წლიან სასჯელს დღესაც იხდის