დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, კურორტ გომისმთაზე ექსტრემალური სპორტული შეჯიბრი "off-road" გაიმართა. ღონისძიება პროექტის "ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" ფარგლებში მოეწყო. ჯიპ-ტური, რომელშიც 12 მანქანა მონაწილეობდა, დაბა ურეკიდან დაიწყო და კურორტ გომისმთაზე დამთავრდა.
"ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთაში" ამ სლოგანის ქვეშ ჩატარებული ყველა აქცია მიზნად ისახავს ჩვენი კურორტების პოპულარიზაციას და მინდა დავპატიჟო ყველა სტუმარი, ვისაც აქვს სურვილი ჯერ ზღვაზე დაისვენოს და შემდეგ ამოვიდეს მთაში." – თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
მთაში უკვე არიან პირველი დამსვენებლები. "პირველად ვნახე მსგავსი სპორტული ღონისძიება. ცოტათი შემეშინდა კიდეც. მთაში რაც უფრო მეტი ღონისძიებები ჩატარდება, მივესალმებით. ასევე კარგი იქნება თუ ხელისუფლება დაიწყებს შუქის პრობლემის მოგვარებას." – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტიდან გომისმთაზე ჩამოსულმა ასმათ შარაშიძემ.
საჩვენებელი ღონისძიების სანახავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქ ოზურგეთიდან იყვნენ ამოსულები.
"off-road"-ში გაწევრიანებული არის 20-მდე ავტომანქანის მფლობელი. ადრე შეჯიბრებებს სამოყვარულო ხასიათი ქონდა, მაგრამ მოგვიანებით პროფესიონალურ შეჯიბრებებში გადაიზარდა. გაჩნდა იდეა, რომ საჩვენებელი ღონისძიება ჩაგვეტარებინა გომისმთაზე და ეს შანსი არ გავუშვით ხელიდან. შემოთავაზება იყო ადგილობრივი ხელისუფლებიდან და რატომ უნდა გვეთქვა უარი?! შესანიშნავი ადგილი აღმოჩნდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ველური ბუნება, განსხვავებული ჰაერი და იმედი მაქვს დიდი მომავალი ექნება ამ კურორტს. მე პირადად დაინტერესებული ვარ ერთი პატარა ადგილი მქონდეს გომისმთაზე, ზაფხულში რომ ამოვიდე და დავისვენო. "- გვითხრა "off-road" კლუბის წევრმა ლაშა თედორაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასევე გვითხრა, რომ კურორტების პოპულარიზაციისთვის გომისმთაზე და ურეკში სეზონის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება.