"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ე. წ. "ჰუმუსის" აღების საკითხს ეხმაურება.
"ბოლო პერიოდში არსებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიავიწყდა რეგიონში არსებული პრობლემები. ამჯერად, ოცნებიდან რეალობაში დასაბრუნებლად სოფელ მერიის პრობლემას მინდა გამოვეხმაურო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის სანაპიროდან, გაურკვეველი რაოდენობითა და მიმართულებით, მიწის ზედაპირის, ე. წ. "ჰუმუსის" გატანა სოფლის იმ მოსახლეობას და გარემოს, თანაბრად აზიანებს და კომპლექსურ პრობლემას ქმნის. ამ საკითხზე ვრცელი სტატია დაიბეჭდა გაზეთ "გურია ნიუსში," _ ამბობს თემურ სალუქვაძე.
"ერთი მხრივ, მოსახლეობა ამ ნაკვეთებს საძოვრებად იყენებს და მათი განადგურებით ბევრი ოჯახი საკვებ წყაროს დაკარგავს. მეორე მხრივ, ჰუმუსის გატანის პროცესი და ტვირთმზიდი მანქანების გადაადგილება ჰაერს აბინძურებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰუმუსი არის ნიადაგის ფენა, რომლის თვითაღდგენასაც წლები სჭირდება და მისი აღება დაუშვებელია, მაშინაც კი, თუ ნაკვეთი კერძო საკუთრებაა. სამწუხაროდ არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, არც გამგებლის წარმომადგენელი მერიაში და არც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პროცესის შეჩერებას არ ცდილობს. მინდა მივმართო ყველა უფლებამოსილ პირს, გაურკვეველ ბიზნესინტერესებს ნუ შესწირავენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს. გადახედონ საკუთარ მოვალეობებს და დროულად აღკვეთონ, ეს ცალსახად საზიანო პროცესი," _ თქვა თემურ სალუქვაძემ.
(R)