თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მოსამართლეობის მსურველთა სიაშია.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ ურთმელიძეს სურვილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაუბრუნდეს.
ცნობისთვის, ურთმელიძემ თანამდებობა 10-წლიანი სამოსამართლო ვადის ამოწურვის შემდეგ, დაახლოებით, 2 თვის წინ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის პოსტი 2006 წლიდან ეკავა.
2006 წელს მან მუშაობა ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაიწყო.
ამასთანავე, 2006-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2009 წლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.
2009 წლის დეკემბრიდან ასევე დაკისრებული ჰქონდა მარნეულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება.
2010 წლის 1 ნოემბრიდან მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ურთმელიძის სახელი ყველაზე ხმაურიანად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვისას გაჟღერდა. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
ამავე თემაზე:
რა ქონებით დატოვა თანამდებობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ
131 კანდიდატი 65 ადგილისთვის იბრძოლებს – ვინ არიან მოსამართლეობის მსურველები