გასულ უქმეებზე ქუთაისმა საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირს უმასპინძლა, სადაც მთელი ქვეყნის საუკეთესო კარატისტებმა მოიყარეს თავი. 250 მონაწილეთა შორის 21 ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი იყო და ტრადიციისამებრ, საკმაოდ კარგი შედეგითაც გამოირჩნენ ჩვენებურები ამ ტურნირზე.
მანუჩარ ჩხაიძის, ლაშა ბერიძის, მერაბ თურქიასა და შოთა ღლონტის მიერ დამოძღვრილებმა მთლიანობაში სამი ოქრო, ამდენივე ვერცხლი და რვა ბრინჯაო მოიპოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ქუთაისი ოუფენის" მთავარი მსაჯი მერაბ თურქია იყო, ხოლო მანუჩარ ჩხაიძესა და ლაშა ბერიძეს სხვადასხვა ორთაბრძოლების მსაჯობა ანდეს.
ტურნირის გამარჯვებულები შეიქნენ: 8-9 წლიან ასაკობრივ ჯგუფში ზურა ბერიძე, 12-13 წლიანებში – ლიზი თურქია, ხოლო 14-15 წლიანებში გიორგი ჩხაიძემ ტოლი არავის დაუდო და ტურნირის ჩემპიონიც გახდა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა ასაკი და ახალ ჯგუფში მაშინვე ლიდერად მოგვევლინა, რითაც ამ ასაკში განიმტკიცა საქართველოს ნაკრების კანდიდატობა.
ლანჩხუთელ კარატისტთა თავკაცი, მერაბ თურქია ქუთაისური მონაგარით კმაყოფილია და სამომავლოდ ასეთივე მიღწევების იმედი აქვს.