საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ თამაზ მეჭიაურმა " ქართული ოცნების" დატოვებისთანავე ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გაერთიანდნენ. "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" – ასე ეწოდა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალას, რომლის მკვეთრად გამოხატული "პროქართულობა", ელექტორატის იმ ნაწილზეა გათვლილი, რომლისთვისაც ეროვნული იდეებისადმი ერთგულებაა მთავარი.
სოციალურ ქსელში ვინმე თამაზ ჭეიშვილი პოსტს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ მეჭიაური, მიუხედავად იმისა, რომ "სამი პარლამენტის დეპუტატი იყო," არ ფლობს საცხოვრებელ ფართს თბილისში და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
"პარტიის "ავტორი" თამაზ მეჭიაური. კაცი, რომელიც სამი პარლამენტის დეპუტატი იყო და დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს დიღომში.
"ქართული გაგების ამბავში" : -ე, რატომ, ტოოო? ბინა და რამე …როგორ ვერ გააჩალიჩა 16 წელიწადში?!
რა თქმა უნდა "გააჩალიჩებდა!" სამ მოწვევაში ბინას კი არა სასახლეს გააჩალიჩებდა "მუდმივი უწყვეტი გაზით, ცხელი და ცივი წყლით და უწყვეტი ელენერგიით,," მაგრამ … ალალმა მთიელმა ეს ყველაფერი არ გააკეთა, უბრალოდ არ იკადრა.იმდენ სვავებსა და ქორებში "მთის არწივმა" ბოლომდე ვერ "იარწივა!" რამდენჯერ გაშალა ფრთები, იმდენჯერ დაესიენ "იმუნიტეტიანი ყვავყორნები."
მთიელო მეჭიაურო,გილოცავ ამ თამამ ნაბიჯს და წარმატებას გისურვებ! არ შეგკადრებ "არ შეგვარცხვინო" მეთქი! რომ არ შეგვარცხვენ, არც მე და არც საქართველოს ეჭვი არ ეპარება!"- წერს ჭეიშვილი.
დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წლის 18 იანვარს შეავსო პარლამენტარმა, თამაზ მეჭიაურის სახელზე მართლაც არ ფიქსირდება უძრავი ქონება, გარდა 1500 კვ. მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთისა, რომელიც თბილისში მდებარეობს. დეკლარაციის მიხედვით მეჭიაური არ ფლობს ბინას ან სახლს არც თბილსში და არც საქართველოს სხვა ქალაქებში. არ აქვს ანაბრები ბანკში და არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.