ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციები პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტის მიმართ აბსოლუტურად იდენტურია.
„ბიძინა ივანიშვილმა პატივი დამდო და დღეს მახსენა. ივანიშვილმა ეს თქვა, თუმცა სხვადასხვა აქცენტებით – რატომ იცავ, ყოველთვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამაში მეკამათეო. დიახ, მე ინსტიტუტს ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტი არც მტერია და არც მეგობარი, ის ინსტიტუტია, პრეზიდენტი გამიკრიტიკებია და დამიცავს, მაგრამ ინსტიტუტი არასდროს არ გამიკრიტიკებია. მან ბევრჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენა, ბევრჯერ მისი პარტია – „ქართული ოცნება“. ის სხვა პარტიების ხსენებას გაურბის.
ჩემი შეფასებით „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია, „ქართული ოცნება“ აწმყო და შანსი უნდა გვქონდეს უკეთესი მომავალის. ქართული პოლიტიკური რეალობა არ არის ორპოლუსიანი – ახლა 2012 წელი არ არის, 2016 წელია და პარლამენტში საკუთარი პოზიციების დასამკვიდრებლად ხუთი-შვიდი პოლიტიკური პარტია იბრძოლებს.
მაღალი ალბათობით ისინი მანდატს მიიღებენ. თუკი „ნაციონალურ-მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთის მტრის ხატად წარმოჩენა სურს, ეს არის წარსული – ქართული პოლიტიკა დღეს არის გაცილებით წინ და გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე ეს იყო ადრე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.