პოეტი და საზოდადო მოღვაწე დავით მაღრაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს, რომლითაც ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას მიმართა და ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან.
"დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ივანიშვილის ლანძღვით ან ქებით საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდროს. ვფიქრობ რომ მე ეს საშიშროება არ მემუქრება, რადგან ივანიშვილით არ შემიქმნია გვარ-სახელი, არც ივანიშვილის ქებით ან ლანძღვით ვეძებ საზოგადოებაში ან შემოქმედებაში ადგილს.
ჩემი აზრით, წერილის მთავარი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს გზა არის ევროინტეგრაციის გზა ოღონდ რუსეთთან ომის გარეშე. წინა ხელისუფლება სინგაპურიზაციის გზას დაადგა რუსეთთან ომის ფონზე. სწორედ ამის საპირწონედ გამოაცხადა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების გზად ევროინტეგრაცია ომის გარეშე, რაც ჩემი აზრით, სწორია. ივანიშვილი პოლიტიკოსების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ვინც იცის რა უნდა. რუსეთთან ომი არ არის შემთხვევითი დაძაბულობა მეზობელთან ან შეხლა-შემოხლის ფრაგმენტული გაელვება. თუ რა მძიმე შედეგებით მთავრდება ეს, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. რუსეთთან ომში დავკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალი, შემდეგ უკვე კოდორი, ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები და იმის სანავლოდ რომ ჩვენ მიწა-წყალი დავკარგეთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო ოდესის საბაჟო…
სამშობლოს განცდა სჭირდება და არა ბრაგა-ბრუგი. მაგათ ნება რომ მისცე, ქუთაისს ნიკოფსიას დაარქმევენ, წყალტუბოს – დარუბანდს და იტყვიან, მოგვილოცეთ, გადავჭიმგაეთ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო… ორად ორ ადამიანს ვერ ეწეოდა დაცვა საქართველოს ისტორიაში, ესენი არიან: ერეკლე მეორე და მიხეილ სააკაშვილი. ოღონდ ერეკლე მეორეს ვერ ეწეოდა მაშინ, როცა მტერს უტევდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ვერ ეწეოდა, როცა მტრისგან ზურგშექცეული გამორბოდა."-აღნიშნა მაღრაძემ ინტერვიუში.
წყარო: კვირის პალიტრა