ოზურგეთის მაჟორიტარ კანდიდატად თემურ ჭკუასელი სახელდება, “რესპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ჩოხატაურის მაჟორიტარად მოიაზრება _ მას კოალიციამ მთლიანად რეგიონი ჩააბარა; ჩოხატაურში ცნობილ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეზეცაა საუბარი _ როგორც ცნობილია, იგი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს, თუმცა, მახათას მთაზე თბილი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთანაც ჰქონდა.
ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. წყაროები იმასაც ამბობენ, რომ შერჩევა საბოლოო არაა და შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს. თუმცა, გურიაში ივანიშვილი ცნობილი სახეების დაყენებას რომ აპირებს, ფაქტია.
ამაზე მეტყველებს კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც ლანჩხუთს ჯერ კიდევ თვეების წინ დაუკავშირეს _ ისევ არის საუბარი ირაკლი მენაღარიშვილზე _ შევარდნაძის მთავრობის გავლენიანი მინისტრის კანდიდატურა საფეხბურთო სახესთან, თემურ ჩხაიძესთან ერთად სახელდება. თავის დროზე, როცა მენაღარიშვილის კანდიდატურა გავაჟღერეთ, თავად ექს-მინისტრმა ყოველივე კატეგორიულად უარყო, თუმცა, მისი გვარ-სახელის ისევ ხსენება იმას მაინც ნიშნავს, რომ “კვამლი” უცეცხლოდ არ ჩნდება. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ამჯერად ბატონ ირაკლის.
ლანჩხუთში ასევე ასახელებენ ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, რომან ბიწაძის კანდიდატურასაც.
ჩვენ კომენტარისთვის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს, ლანჩხუთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ბიძინა გუჯაბიძეს დავუკავშირდით:
_ ბატონო ბიძინა, უპირველესად 27 მაისის აქციის შესახებ გკითხავთ.
_ იმაზე გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით _ იყო 150 000 ადამიანი. ეს რაოდენობა აქამდე არც ერთ აქციაზე არ გამოსულა. ისეთი სიმჭიდროვე იყო, ძლივს მივედით ტრიბუნასთან. ეს იყო პირველი დიდი დარტყმა ხელისუფლებაზე. ეს იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა სრულად “მეცხრე არხი”, რეგიონებზე ვერ გადის “მაესტრო” და “კავკასია”..
_ როგორც ვიცი, რეგიონები ამ აქციაში ჩართული არ იყო…
_ ჩვენ საამისო ხარჯები არ გაგვიწევია. ვინც ჩამოვიდა, ისიც თავისით. არც იყო ამის საჭიროება. უახლოეს მომავალში ანალოგიური შეხვედრაა ქუთაისში…
_ მასში რეგიონებიც ჩაერთვებიან?
_ არა, მხოლოდ იმერეთი. შემდეგ იქნება სხვადასხვა რეგიონები. რა თქმა უნდა, გურიაც, თუმცა, ჯერ თარიღს ვერ გეტყვით.
_ თქვენ რომელ რეგიონში ატარებთ კოალიციის აგიტაციას?
_ სადაც გამიშვებენ, კონკრეტულ რეგიონზე არ ვარ მიმაგრებული სადაც საჭიროა, იქ მივდივარ. უნდა ნახოთ, ხალხი როგორ იმედიანადაა, ყველას ბიძინა აკერია პირზე… რა თქმა უნდა, მე არ მგულისხმობენ (იცინის).
_ ბატონო ბიძინა, ხომ არ იცით, ვინ იქნება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ლანჩხუთში?
_ რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა… ეგ თქვენც იცით…
_ მათ შორის არის თუ არა ირაკლი მენაღარიშვილის კანდიდატურა?
_ კი, არის, მაგრამ არა კოალიციიდან. თემურ ჩხაიძეზეა საუბარი _ ის იქნება კოალიციიდან. მას მხარს ვუჭერთ, კალაძეც მის გვერდითაა. წესიერი კაცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მაჟორიტარი სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი უნდა იყოს, ეს უკვე დიდი ფუფუნებაა. მეც ჩამოვალ ლანჩხუთში და მხარს დავუჭერ თემურს აუცილებლად.
_ პირადად არსად აპირებთ მაჟორიტარად კენჭისყრას?
_ ვნახოთ. ალბათ კი. ადგილი დაზუსტებული არაა… ლანჩხუთი რომ არ იქნება, ეს კი იცით.
_ ლანჩხუთი რატომ არა?
_ ხომ გახსოვთ, რაც გააკეთეს წინა არჩევნების დროს (შიგაოპოზიციურ დაპირისპირებას გულისხმობს. რედ.). იმათგან ზოგი დღეს შტაბშია და…