"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ დღეს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბრიფინგი გამართეს. როგორც 2030 იუწყება, მელია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.
მათი თქმით, შპს "წავკისი ველი", რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს.
"მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ჩვენ 20 ჰექტარის მითვისებას ვაპროტესტებდით, კალაძე და ივანიშვილი თურმე ახალ გეგმას ამუშავებდნენ",- აღნიშნა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, პროექტი ივანიშვილისა და ტელეკომპანია GDS-ისთვის დამოუკიდებელი ენერგიის წყაროს შექმნას ითვალისწინებს.
აბესაძემ და მელიამ კახი კალაძისა და დავით ნარმანიასგან განმარტებები მოითხოვეს.
მელიას ზემოთაღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც აღნიშნა , რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდია და მხოლოდ სიცრუის გავრცელბაზეა ორიენტირებული. მან მელიას განცხადებას სიცრუე უწოდა.
ნარმანიას თქმით, ბოტანიკურ ბაღში რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებებს ადგილი არ აქვს.
"პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადები არა მგონია, საინტერესო იყოს. ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით. ბოტანიკური ბაღი და მისი ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება, რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისათვის მიუღებელ ქმედებებს ადგილი არ აქვს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყარო: 2030.news