საფრანგეთის ხელისუფლებამ ევრო 2016-ის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე მობილური ტელეფონის აპლიკაცია გაავრცელა, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში მომხმარებლებს ინფორმაციას ადგილმდებარეობის მიხედვით მიაწვდის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აპლიკაცია მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა მოხდა და როგორ უნდა მოიქცნენ უსაფრთხოების მიზნით.
გავრცელებული ინფორმაციით, აბონენტის მიერ მიღებულ შეტყობინებას უსაფრთხოების მიზნით არ ექნება ვიბრაცია ან ხმა.
როგორც ცნობილია, აპლიკაციის ვერსია, კიდევ უფრო დაიხვეწება და თავდასხმების გარდა, წყალდიდობასა და სამრეწველო ავარიების შესახებაც მიაწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას.
საფრანგეთის ხელისუფლების თქმით, აპლიკაციის შექმნის იდეა პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ევრო 2016-ის საფეხბურთო ჩემპიონატი პარასკევს იწყება.































































