აბსოლუტურად აღარ არის შიშის განწყობა. 27 მაისის მერე ძალიან დიდი მუხტი აქვთ და თვითონვე აფიქსირებენ, _ რაც ვნახეთ 27 მაისს იმის შემდეგ რა უფლება გვაქვს, პასიურ როლში ვიყოთო” _ განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
მანანა კობახიძე: “ყველა შეხვედრიდან, საიდანაც მოვდივარ, მომაქვს თხოვნების ძალიან დიდი რაოდენობა _ ზოგი წამალს ითხოვს, ან მკურნალობას, ზოგიც თანადგომას, ანუ ამ წერილებში ადამიანების გაჭირვება და სიდუხჭირე ჩანს. სამწუხაროდ, არ გვაქვს მათი დახმარების უფლება. კანონი კრძალავს ამას _ ქველმოქმედება აუკრძალეს ივანიშვილს და პარტიას ეს ეთვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.
ბათუმიდან როცა წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სავსე იყო ოფისი, არც ერთი თხოვნა არ შემოსულა. სიტყვიერადაც კი არ გამოუხატავთ, რომ ისინი რაღაც მატერიალურ დახმარებას ითხოვენ ბატონი ბიძინასგან. ალბათ, ადამიანებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ახლა პირადი პრობლემების დრო არ არის _ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყნის გადარჩენაა. არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება. არ იფიქროთ, რომ ჩრდილს ვაყენებ იმ ადამიანებს, ვინც რამეს ითხოვს, პირიქით _ ისინი არიან პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები.
მათ ნამდვილად სჯერათ, რომ ამ ხელისუფლების ბოლო არის ოქტომბრის ბოლო. არჩევნების შემდეგ ქვეყნის რეალური დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი დაიწყება და მათი პრობლემებიც მაშინ მოგვარდება.
_ როგორც ვიცით, დღეიდან ფართომასშტაბიან აქციას იწყებთ იმერეთში, მაგრამ ქუთაისში ჩასვლა ცოტათი დაგაგვიანდებათ…
_ ჩვენ ვიწყებთ ფართომაშტაბიან გასვლას იმერეთის რეგიონში. 7 ივნისს აქცია გვქონდა დაგეგმილი ქუთაისში, მაგრამ, აბსურდული პასუხი გაგვცა ქუთაისის მერიამ _ თურმე, 1 ივნისიდან მთელი თვის განმავლობაში, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოველდღიურად იგეგმება აქციები. ჩვენი წერილის შეტანის შემდეგ, დაიწყო შიდა უწყებათაშორის მიმოწერა, დაამთხვიეს “ჯეოსტარის” კონცერტი. ძალიან გვიყვარს “ჯეოსტარელები”, საინტერესო პროექტია, რა თქმა უნდა, მსმენელი უნდა მივიდეს და უნდა მოუსმინოს. შევთავაზეთ, _ თქვენი ღონისძიების მერე ან მოგვაქირავეთ ის სცენა, ან ჩვენს სცენას დაგითმობთო.
მათი აბსურდული განცხადებების გამო, ქუთაისში ჩასვლა გადაიწია სულ რაღაც 2 დღით. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის _ პირიქით, მზაობა ძალიან დიდია. სწორედ ამ დიდი მანიფესტაციისთვის ვემზადებით.
გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან საჩხერეში, ჭიათურაში. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და მოგვიწევს მოგზაურობა რეგიონებში, რაც ძალიან სასიამოვნოა. სამშობლოს მაშინ შეიგრძნობ, როდესაც ხვდები ადამიანებს პირისპირ, ოღონდ გულწრფელად და არა ისე, ყვითელი ავტობუსებით, როცა ძალით მოჰყავთ ადამიანები. იმათ სატკივარსაც მოისმენ, საყვედურსაც, თუ დაიმსახურე, და იქედან წამოხვალ დატვირთული შენი ქვეყნის მოქალაქეების ტკივილით.