პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ამასთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას აკეთებს: “პირველი შემთხვევა “მაესტროს” ეთერში მოხდა, როდესაც მე მქონდა დებატები უმრავლესობის წარმომადგენელთან, ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილთან.
თაქთაქიშვილმა ჩემთან საუბარში ბრალი დასდო ქალბატონ მანანა კობახიძეს, რომ იგი ეროვნულ უმცირესობებს იხსენიებს არაეთიკურად. პირდაპირ ეთერში მოვითხოვე ამის დამადასტურებელი საბუთები. თუმცა, იქვე ვუთხარი, რომ ეს საბუთები არ მჭირდებოდა, რადგან მანანა კობახიძე, რომელიც 10 წელია ადამიანის უფლებების დამცველია, გამორიცხულია მსგავს რამეს ამბობდეს. ეთერში თაქთაქიშვილი შემპირდა, რომ მომაწოდებდა ამ ფაქტების დამადასტურებელ საბუთებს. რასაკვირველია, მისგან მსგავსი არაფერი არ მიგვიღია.
წინა ბრიფინგზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი არ იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას, გამომდინარე იქედან, რომ 27 მაისი იყო წინა დღის უმნიშვნელოვანესი მოვლენა სრულიად საქართველოსთვის.
გუშინ ეკა კვესიტაძესთან თამარ ჩორგოლეიშვილიმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მსგავსი ფრაზა.
ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” და მანანა კობახიძე აცხადებს: “სრულიად აბსურდულია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ხელისუფლებისა და მათი პოზიციების გამხმოვანებელი ჩორგოლეიშვილის ბრალდებები. ყოველივე ეს ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ხელისუფლების მიერ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილია.
მანანა კობახიძე 10 წლის განმავლობაში საქმიანობდა უფლებადაცვით სფეროში და ხელისუფლების უკანონო ქმედებებისგან იცავდა არა ერთი მოქალაქის და მათ შორის უმცირესობების უფლებებსაც. ხელისუფლება ვიდრე მსგავს ცილისწამებას გაავრცელებს, უმჯობესია, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები” _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.