დღეს ერთი წელი შესრულდა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან. შეუცვლელი ადამიანური დანაკლისი, განადგურებული ქალაქის ცენტრი: დაუნდობელმა სტიქიამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.
ამ მოვლენის შემდგომმა დღეებმა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, განსაცდელში ერთიანობისა და მძიმე შედეგების დასაძლევად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.
ეს ძალისხმევა, სამწუხაროდ, ვერაფრით შეამსუბუქებს თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. მაგრამ საყოველთაო სოლიდარობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ქვეყნისთვის გარჯის ასეთი გმირული პრეცედენტები არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი.
უმთავრესი გაკვეთილი, რაც ამ ტრაგედიამ გვასწავლა არის ის, რომ ჩვენ – მთლიანად საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებამ, შორს უნდა ვიყუროთ და ყველა ზომას უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და თვით სიცოცხლე საიმედოდ იყოს დაცული.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი