ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი 135 წლისაა. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტაცია ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პრეზენტაციაზე თეატრის დაარსებისა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრეს ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ლია ბაქანიძემ, ჟურნალისტმა ეთერ ქადეიშვილმა, მხატვარმა თამაზ დარჩიამ, თეატრის დირექტორმა ლაშა კუტალაძემ და სხვებმა.
_ 40 წლის მანძილზე მრავალი პროექტი გამიხორციელებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს შემოქმედებაში მაინც თოჯინების თეატრია. ოზურგეთის თოჯინების თეატრი არის კულტურის ერთ-ერთი კერა, სადაც ბავშვებს ყოველთვის მიუხარიათ, რომ თავიანთ საყვარელ ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. ამ თეატრს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მოზარდების ესთეტიკურად აღზრდის საქმეში, _ თქვა წიგნის იდეის ავტორმა და შემდგენელმა, რეჟისორმა ოთარ კუტალაძემ.
წიგნის პრეზენტაციაზე პატარა მაყურებლებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს თეატრის შემოქმედებით ჯგუფს და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები რამდენიმე სპექტაკლიდან, რითაც მაყურებელი კიდევ ერთხელ გაახარეს და გაახალისეს.
ქეთევან კუკულავა