15 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, ქალაქ ნიცაში სლოვაკეთის ეროვნული გუნდი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რამდენიმე საათის წინ სლოვაკეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-მდივანმა იურაი ჩურნიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ბატონი ჩურნი საფრანგეთში მყოფ სლოვაკ გულშემატკივრებს რუსი "ფანატებისაგან" მოსალოდნელი ექსცესების შესახებ აფრთხილებს.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში სლოვაკეთის საფეხბურთო კავშირი უეფას წარმომადგენლებთან და საფრანგეთის პოლიციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენი მიზანია "ევრო-2016"-ზე მყოფი თანამემამულე ფეხბურთის თაყვანისმცემლები რუსი ფანების მოსალოდნელი აგრესიისაგან დავიცვათ. ის რაც მარსელში მოხდა აღარ უნდა განმეორდეს.
მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი-სლოვაკეთის შეხვედრაზე მისვლას შვიდი ათასი სლოვაკეთის მოქალაქე აპირებს. მრავალი მათგანი ფეხბურთს ოჯახებთან ერთად დაესწრება. რასაკვირველია აგრესიული რუსი "გულშემატკივრებისგან" მათი უსაფრთხოება უნდა დავიცვათ.
მივმართავ სლოვაკ გულშემატკივრებს. მაქსიმალურად მოერიდონ აგრესიულად განწყობილ რუს „ფანატებთან“ უშუალო კონტაქტს, არ წამოეგონ მათ შესაძლო პროვოკაციებსა და სიმშვიდე მაქსიმალურად შეინარჩუნონ. გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის რჩევები და რეკომენდაციები", – განაცხადა იურაი ჩურნიმ.