დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს გადიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.
ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტმა დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინტენსიური ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა შესთავაზა. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა უმაღლესი განათლების მისაღებად როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.
წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი შეიტანონ და განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამის დახმარებით გააგრძელონ.
შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ.
LCC საქართველოს პროგრამის დირექტორის, რობ უილსონის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ომის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულყოფილი განათლება მიეღოთ, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება ან სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ.
(R)