დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების შესაბამის ადგილებზე განთავსების საკითხი განიხილეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ წარმოადგინა აღნიშნული საკითხი და დეპუტატებს გააცნო ჩამონათვალი, საარჩევნო უბნებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით თუ რომელ ობიექტებზე შეიძლება პლაკატების განთავსება. კერძოდ, ეს არის მგზავრთა მოსაცდელები, ამბულატორიები, მინი მოედნების ღობეები, გარე განათების ბოძები, მწვანე ნარგავები. ხოლო სააგიტაციო მასალის განთავსება იკრძალება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
განკარგულებას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგებიც იყვნენ. სოფელ ბახვის დამოუკიდებელლმა მაჟორიტარმა დავით თენიეშვილმა მწვანე ნარგავებზე სააგიტაციო მასალების გაკვრა დაუშვებლად მიიჩნია.
"მწვანე ნარგავებს მოვლა, დაცვა და მიხედვა უნდა და არა პლაკატების მიჭედება. მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და მას ტკივა, ადამიანო, როცა მიადგები და აჭედებ! ნუთუ ასე შეუძლებელია ბანერების გაკეთება და სხვა ადგილებზე გაკვრა, ცოცხალ ორგანიზმს რომ არ მოუღო ბოლო? მწვანე ნარგავებზე სააგიტაციო მასალების გაკვრა სამარცხვინოა!" – უკმაყოფილებას ვერ მალავდა თენიეშვილი, თუმცა მას და მეორე დეპუტატს, ხვიჩა წულაძეს არავინ მოუსმინა. პასუხი იყო, მაინც კი გააკრავენ და ბარემ დავუშვათო.
"რას ჰქვია, მაინც გააკრავენ? მაშინ ვივარაუდოთ, რომ მაინც გააკრავენ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობებსა თუ სახელისუფლებო ორგანოების და პოლიციის შენობებში… ვიმეორებ, არ შეიძლება და სირცხვილია მწვანე ნარგავებზე საარჩევნო-სააგიტაციო მასალების გაკვრა" – გვითხრა დავით თენიეშვილმა.