"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელში, მინის კარებზე აღბეჭდილი საქართველოს გერბი დარღვევითაა გამოსახული.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს შეცდომა რამდენიმე დღეში გამოსწორდება: "ამ ფაქტის შესახებ ჩვენთვისაც ცნობილია და გერბს უახლოეს მომავალში შევცვლით", _ გვითხრეს პრესსამსახურში.
_ აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი ირაკლი პაპავა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით. ამასთან, იგი ადგენს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესებს სახელმწიფო ორგანოებში და თანამდებობის პირების მიერ:
"საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, შენობებსა და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო (ე.წ. "დიდი") გერბის განთავსება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების "დადგენილი წესის" დარღვევას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანულ კანონში არსებობს სათანადო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, "სახელმწიფო გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ "სახელმწიფო გერბის შებღალვისთვის" ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 343); ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენებას "კანონით დადგენილი წესის დარღვევით", მსგავსი ქმედებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დღემდე არანაირ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომას არ განსაზღვრავს", _ თქვა ირაკლი პაპავამ.