"გურია ნიუსის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუს – რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს, სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველს აპარატის თანამშრომლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში ორ თანამშრომელს სარჩელი უკვე შეტანილი აქვს, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი სარჩელს ამზადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "გურია ნიუსმა" სახალხო დამცველის ოფისს კითხვებით მიმართა. ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ, ომბუდსმენის ოფისიდან გვაცნობეს, რომ ოფისის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსს, ილია ჭანტურაიას მიმართ ნამდვილად არის საქმისწარმოება დაწყებული. თუმცა, ჭანტურაიასგან განსხვავებით, სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ მის მიმართ "დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის, კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატში დაცული სხვა პირთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების და პირადი მიზნებისათვის გამოყენების და აპარატის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამიდან რეგისტირებული განცხადების წაშლის დავალების გაცემის ფაქტების შესწავლა".
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ჭანტურაია აცხადებდა, რომ მის მიმართ საქმისწარმოება პირველად სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძესთან დაპირისპირების გამო დაიწყო.
ჭანტურაია ამბობს, რომ გარდა ამისა, სახალხო დამცველი მას მის მიერ გაცემული ინფორმაციის გამო დაუპირისპირდა. კერძოდ, სტუდია "მონიტორს" ჭანტურაიამ საჯარო ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესყიდულ ავტომანქანასთან დაკავშირებით, რაც მისივე თქმით, სახალხო დამცველს არ მოეწონა.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისიდან "გურია ნიუსს" აცნობეს, რომ ჭანტურაიას მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის ილია ჭანტურაიას მიმართ დისციპლინური წარმოებების დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტების შესწავლა.
პირველ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით, დისციპლინური კომისიის დასკვნის თანახმად, ადგილი ჰქონდა საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას, "სამხახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება", რისთვისაც გამოყენებული იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – გაფრთხილება. მას უფლებამოსილება შეჩერებული არ აქვს",_ აღნიშნულია წერილში, რომელიც სახალხო დამცველის ოფისიდან "გურია ნიუსს" გამოუგზავნეს.
აქვეა აღნიშნული, რომ "სახალხო დამცველის აპარატში ცალკე სხვა დისციპლინური წარმოება აპარატის რომელიმე თანამშრომლის მიმართ არ მიმდინარეობს".
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით ჭანტურაია "გურია ნიუსთან" ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი მარტო ის არ არის.
"უახლოეს მომავალში კიდევ ორი თანამშრომელი აპირებს სარჩელის შეტანას სასამართლოში", _ ამბობს ჭანტურაია.
ამავე თემაზე: