რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში
ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ, როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.
სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?
პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს.
პირველობის ეფექტი
არ ენდოთ პირველივე წყაროს _ ხშირად პროპაგანდის საუკეთესო იარაღს წარმოადგენს პირველობის ეფექტის გამოყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აქცევს ყურადღებას ერთ თემაზე გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას და ძირითადად ენდობა იმ ფაქტებს, რომელიც სულ პირველად იქნა მიწოდებული. ანუ თუ ადამიანი იგებს, რომ სეტყვა იქნება, იგი მყისიერად იწყებს მზადებას მასთან საბრძოლველად და არ უსმენს მეორე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სეტყვა კი იქნება, მაგრამ ხვალ, ან სეტყვა კი იქნება, მაგრამ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ საქართველოში. ასე, რომ ნუ ენდობით პირველივე წყაროს და ეცადეთ დაელოდოთ სხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და დააზუსტოთ დეტალები.
ეშმაკი დეტალებში იმალება _ დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი დეტალია ინფორმაციაში მით უფრო მაღალია მისი სანდოობის ხარისხი. პროპაგანდისტები წამიერ ეფექტზე ორიენტირებული ადამიანები არიან, შესაბამისად, ისინი იშვიათად ქმნიან დეტალურ ინფორმაციას. დეტალებს კი სიზუსტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ანუ რაც უფრო ნაკლები დეტალია მოცემულ ინფორმაციაში, მით უფრო მეტია საფრთხე იმისა, რომ თქვენ საქმე პროპაგანდისტულ მასალასთან გაქვთ.
(R)