საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისს ჩაინიშნა. კომიტეტის სხდომის დღის წერიგი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა გუშინ რეკომენდაცია მისცა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს, ვინაიდან საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ევროპარლამენტში კენჭისყრის გარდა, ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. COREPER, თავის მხრივ, ამზადებს პოზიციას ევროკავშირის საბჭოსთვის.