პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა.
"საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება", _ ასეთი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის პოზიცია, რომელმაც პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.