“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ მთავარი პროკურატურის განცხადებას. „2012 წლის 6 ივნისს, ქუთაისის მთავარ სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი.
აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ემუხლით).
ზემოთ თქმული გარემოებებიდან გამომდინარე, 2012 წლის 7 ივნისს, აღნიშნული პირები დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.
გამოძიების მიზანია დაიცვას კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, თანასწორუფლებიანი წინასაარჩევნო გარემო, მოქალაქეთა და პოლიტიკურ პარტიათა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები“ _ ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია “ქართული ოცნებას” აქტივისტების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს დაუკავშირდა:
_ ქალბატონო მანანა, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თქვენი კოალიციის აქტივისტები: გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელია დაკავებული. რა კომენტარს გააკეთებთ აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით?
_ ამ წუთებში ვიმყოფები საჩხერეში, სოფელ პერევში. პროკურატურის განცხადების და აქტივისტების დაკავების შესახებ შემატყობინეს.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პერევიდან მივდივარ ქუთაისში. ადგილზე გავერკვევი, რა ხდება და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს.