საფრანგეთში მიმდინარე ევროპის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა უიღბლოდ იასპარეზა. 1976 წლის კონტინენტის ჩემპიონატის გამარჯვებულებმა ჯგუფიდან მომდევნო სტადიაზე გაღწევა ვერ მოახერხეს და სამშობლოში ვადაზე ადრე დაბრუნდნენ.
რამდენიმე საათის წინ ბრიტანული გამოცემა „Sun” ჩეხეთის ეროვნული გუნდისა და ლონდონის “არსენალის“ კარის დარაჯს, 34 წლის პეტერ ჩეხს ესაუბრა.
ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში ვეტერანმა ფეხბურთელმა უკმაყოფილობა ვერ დაფარა მშობლიური გუნდის სუსტი გამოსვლის გამო.
"საფრანგეთში უკეთ გამოსვლას ვაპირებდით, მაგრამ სამწუხაროდ სპორტულმა იღბალმა ზურგი შეგვაქცია. თურქებთან დაუგეგმავი მარცხის შემდეგ ნაკრებიდან წასვლაზე დავფიქრდი. 34 წლის გახლავართ და დროა გზა ახალგაზრდა მოთამაშეებს დავუთმო. რამდენიმე დღეში მცირეხნიან შვებულებაში გავდივარ. მოსაფიქრებლად დიდი დრო მექნება და ეროვნული გუნდის მიმართ საკუთარ პოზიციას საბოლოოდ დავაფიქსირებ. დიდი ალბათობით ნაკრების მაისურს აღარასდროს მოვირგებ". – განაცხადა პეტერ ჩეხმა.