რამდენიმე საათის წინ უკრაინულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, 67 წლის მიხეილ ფომენკომ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთში სამი შეხვედრა ჩაატარა. თუ მსოფლიოს ჩემპიონებთან – გერმანელებთან, ფომენკოს ბიჭები კარგად გამოიყურებოდნენ, ჩრდილო ირლანდიასთან და პოლონეთთან გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და მიჯრით ორი მარცხი გაიფორმა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცების გადაწყვეტილებით, მოთამაშეებს არანაირი პრემიალური თანხები აღარ გადაეცემათ.
რაც შეეხება ფომენკოს. ეს უკანასკნელი 1987-1990 წლებში ლანჩხუთის "გურიას" მთავარ მწვერთნელად მუშაობდა. ალბათ გახსოვთ ის დრო. გურულებმა იმდროინდელი სსრკ-ის პირველობის უმაღლეს ლიგაში გამოსვლის უფლება მეორედ, სწორედ რომ ფომენკოს ხელში მოიპოვეს, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო სსრკ-ის ნაცვლად, საქართველოს პირველ დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობა მოუწიათ.