საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისი მისამართით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს.
"ერთი-ორმა მომწერა ცოტა გაუგებარი რამ სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკიდან, დარწმუნებული ვარ, ასე მოაზროვნე ხალხი ბევრი არ არის, მაგრამ მათ ვისაც რამე კითხვა აწუხებს, ორი წუთი დაუთმეთ ამ სტატუსს, არც მე ვაპირებ მეტი დროის დათმობას მომავალში. შეეგუეთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში, სულ მცირე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა და კიდევ გაძლიერდება. გარდა მრავალი გაკეთებული საქმისა, სოფლად თუ ქალაქად – მისი სიძლიერის ერთი ნიშანი ისიცაა, რომ მას მერე, რაც მე ვარ დირექტორი, ჩვენ გავხსენით ყველა კარი და არც ვიცით არც ნაცი, არც ქოცი, არც ლეიბორისტი და სხვა – როგორც კანონი გვკარნახობს, ყველას თანაბრად ვემსახურებით.
რაც შეეხება პროექტს #ზეპირიანკეტა, ეს ჩვენი ღია პოლიტიკის ნაწილია, ერთნაირ კითხვებს პასუხობდნენ საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომ მათი პასუხები შემორჩეს არქივს. შესაბამისად პროდიუსერის მიერ მოწვეული ყველა სტუმარი, ჩემთან, როგორც მასპინძელთან სურათს იღებს. იქ ნახავთ ნაცსაც, ქოცსაც და ნებისმიერი ძალის მხარდამჭერს. ეს არ ნიშნავს, რომ მე გიორგი კეკელიძეს, მწერალს, დირექტორს თუ მოქალაქეს ვინმეზე მზე და მთვარე ამომდის ან პირიქით. შეეგუეთ, რომ არსებობს ასეთი ველი – ბიბლიოთეკა. ის აღწერს, აჩვენებს და ინახავს. პოლიტიკური ომებით თქვენვე გაერთეთ. ჩვენთან კი ფრთხილად იყავით. ზოგადად, ეტყობა ეს პატარა აღგზნება იმან გამოიწვია, ხალხმა კეკელიძე წლის გამორჩეულ ადამიანად დაასახელაო და. მოკლედ. წავედი მე თელავში, წიგნის ბუდე გავხსნა."-წერს კეკელიძე.