ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები გააკეთეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად არის. მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს.
"ჩვენ დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად ვართ", _ განაცხადა მარტინ შულცმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს "სამწუხარო" უწოდა.
"ეს სამწუხარო ამბავია გაერთიანებული სამეფოსთვის. ევროპა წინსვლას გააგრძელებს, მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ეს აუცილებელია", _ განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია.
"ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის", _ აცხადებს შტაინმაიერი.