ცოტა ხნის წინ გამოცემამ "Bild" საინტერესო მასალა გამოაქვეყნა.
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო სამსახურის, „შტაზის“ აგენტებს, დასავლეთ ბერლინის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასაღები ჰქონდათ. ამ გასაღებებს მათ უმზადებდათ ზეინკალი, რომელიც დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა.
1975 წლიდან გერმანელმა ზეინკალმა მნიშვნელოვანი თანხის საფასურად „შტაზთან“ თანამშრომლობა დაიწყო. მაგრამ, ეჭვი რომ არავის გასჩენოდა, მაინც მოკრძალებულად ცხოვრობდა. ის ნებისმიერ გასაღებს აკეთებდა, რომლითაც „შტაზი“ დაინტერესდებოდა. ამ საიდუმლო სამსახურს ჰქონდა ლეგენდარული სასტუმრო „სავოიას“ ყველა სათავსოს, დასავლეთ ბერლინის კომისარიატების, სატელეფონო სადგურების და კომუტატორების ყველა ოთახის გასაღებები და, ამდენად, „შტაზისთვის“ საიდუმლოს არ წარმოადგენდა ნებისმიერი მნიშვნელოვანი პერსონის ან პოლიტიკოსის, დასავლეთის მოკავშირე ჯარების კონტინგენტების მეთაურების არც ერთი საუბარი.
საუკეთესო წლებში "შტაზისთან" 274 ათასი ადამიანი თანამშრომლობდა, ხოლო აგენტ-ინფორმატორთა რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ "შტაზის" ყოველ აგენტზე 166 მოქალაქე მოდიოდა. ეს უფრო მჭიდრო დაზვერვის ქსელია, ვიდრე ეს "კაგებეს" ანდა "გესტაპოს" ჰქონდა.