"რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო გოგუაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სავალდებულო გაწვევის გაუქმება, საქართველოსთვის წარმატებულ ნაბიჯად მიაჩნია.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, რას ფიქრობთ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრო წვევამდელებს ჯარში აღარ გაიწვევს? – ნინო გოგუაძე ასეთ კომენტარს აკეთებს.
"თავდაპირველად, მათ ვინც "ურა–პატრიოტიზმით" გამოირჩევა და "მოკლე მახსოვრობა" გააჩნიათ, შევახსენებდი, რომ საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული, სადაც ნათლად და გარკვევით წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება სავალდებულო გაწვევა. ეს დოკუმენტი დამტკიცებულია მთავრობის მიერ, აგრეთვე ამავე შინაარსის შემცველ ბრძანებულებას პრეზიდენტი აწერს ხელს. ვალდებულების შესრულება, რომელიც აღებულია ნატოს წინაშე, ხაზგასმით მნიშვნელოვანია ვარშავის სამიტს წინ უძღოდეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყნისთვის წარმატებულ ნაბიჯად მიმაჩნია სავალდებულო გაწვევის გაუქმება. ძირითადი არგუმენტია, პროფესიული ჯარის შექმნა სადაც იმსახურებს ის ვისაც სურვილი, მონაცემები და მეტი მოტივაცია ექნება და არა ის, ვის მშობლებსაც საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ შვილის სამხედრო – სავალდებულო გაწვევიდან დასახსნელად, ანუ არ გააჩნდათ 18 თვიანი გადავადებისათვის 2000 ლარი", _ თქვა ნინო გოგუაძემ.