სრულიად შესაძლებელია, აუქციონზე შემთხვევით შეძენილმა უმნიშვნელო ნივთმა ერთ დღეს მილიონერად გაქციოთ…
მეთვრამეტე საუკუნის მინიატურა – პეტრე პირველის, ბრილიანტებით მოჭედილ ჩარჩოში ჩასმული პატარა პორტრეტი აუქციონზე 130 ათას დოლარად იყო წარმოდგენილი და 1,3 მილიონად გაიყიდა. არსებობს მოსაზრება, რომ პორტრეტისთვის ჩარჩო თავად რუსეთის იმპერატორმა დაამზადა… ანუ, ბრილიანტები არაფერ შუაშია. ნივთს ფასი, სწორედ ამ ფაქტმა აუწია. მყიდველმა ვინაობა არ გაამხილა.
აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ბრილიანტი კვადრატული ფორმის იყო. წონით – 32,01 კარატი. ის მილიარდერმა ლეონორ ანენბერგმა შეიძინა 3 მილიონად. ერთი წლის შემდეგ 90 წლის ლეონორი გარდაიცვალა და მემკვიდრეებმა ბრილიანტი 7,7 მილიონ დოლარად გაყიდეს, ისევ აუქციონზე.
ბრილიანტები იქით იყოს და ზოგჯერ ძველ ნივთებში, სარდაფში ან სხვენზე, ისეთ საგანძურს აღმოაჩენ, აუქციონზე ნამდვილ ფურორს მოახდენს. ამერიკაში ახალი კომიქსები ძვირი არ ღირს, მაგრამ ძველი წიგნი, რომელიც სულ რაღაც 35 ცენტი ღირდა, თავის დროზე აუქციონზე 317 200 დოლარად გაიყიდა. „სუპერმენის“ კომიქსის პირველი გამოცემიდან მხოლოდ 70 წელია გასული და თუ ბაბუა მისი თაყვანისმცემელი გყავდათ, კარგად ეძებეთ მის ნივთებში, იქნებ გაგიმართლოთ.
პოპულარობას სხვა ფასი აქვს. ბევრი მდიდარი ოცნებობს, შეიძინოს ნივთი, რომელსაც კავშირი ჰქონდა პოპულარულ, ცნობილ ადამიანთან. მაგალითად, აინშტაინის ყველაზე ცნობილი ფოტო – დიახ, სწორედ ის, რომელზეც ენა აქვს გამოყოფილი, 74 ათას დოლარად გაიყიდა. დიდი ფიზიკოსის ერთი წერილი კი, რომელშიც იმის შესახებ ლაპარაკობს, თუ რა აზრისაა რელიგიაზე – 404 ათას დოლარად. მარკაში, რომელზეც ოდრი ჰეპბერნი პირში სიგარეტგაჩრილია აღბეჭდილი, მსახიობის თაყვანისმცემელმა 93 800 დოლარი გადაიხა და… უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში მხოლოდ 5 ასეთი მარკაა დარჩენილი.
ფილატელისტების ოცნებაა კიდევ ერთი მარკა – უიშვიათესი – აბრაამ ლინკოლნის გამოსახულებით, რომელიც 431 250 დოლარად შეფასდა…