მე ამ არჩევნებში მივდივარ, როგორც ნამდვილ ომში… სწორედ ხარძიანის, ვაზაგაშვილის… ახლა უკვე სულხან მოლაშვილის გამარჯვებისათვის, _ ასე ეხმაურება ირმა ინაშვილი კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვეღარ გაიმარჯვოს.
"რა იქნება, ისე გავბრაზდეთ, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ნაცმოძრაობა, როგორც უკიდეგანო ბოროტება. რა იქნება, რომ ის ერთი კაციც აღარ დადგეს მათ გვერდით. ის ერთი კაციც მიხვდეს, რომ ამ ბოროტებამ მოკლა ბესო ხარძიანი, იური ვაზაგაშვილი… ახლა უკვე- სულხან მოლაშვილი… და ეს მოხდა 2012- ის შემდეგ. რა იქნება, "ქართულმა ოცნებამ" დაასრულოს ეს უსინდისო თამაში, თუ ფლირტი "მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან". რა იქნება, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს, რომ მწამებელი და სადისტი არ იქნება წახალისებული. 8 ოქტომბერი ვისთვის უბრალოდ არჩევნებია… ვისთვის- პოლიტიკური ბიზნესი… ვისთვის- ძალაუფლების განმტკიცების გზა… ვისთვის- რევანშის საშუალება… მე ამ არჩევნებში მივდივარ, როგორც ნამდვილ ომში… სწორედ ხარძიანის, ვაზაგაშვილის… ახლა უკვე სულხან მოლაშვილის გამარჯვებისათვის. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. კაცს საბოლოოდ უსამართლობა და განუკითხაობა ჰკლავს და არა კონკრეტული ავადმყოფობა", _ წერს ინაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.