ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების და გარდაცვალების შესახებ, ოქმის შედგენა და გაცემა შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს უფლებამოსილება გამგებლის წარმომადგენლებს სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის გარეშე შეეძლებათ.
ამისათვის კი საკრებულომ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 2 აგვისტოს N 2 დადგენილებაში ცვლილებები უნდა შეიტანოს.
როგორც ბიუროს სხდომაზე განიმარტა, პროექტის შემუშავების საფუძველი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონია. ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტში კი, საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შევა ძალაში.