ერთ-ერთი სირიელი დევნილი საყოველთაო ქება-დიდების ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მან მეორად ტანსაცმელში ნაპოვნი 150 000 ევრო გერმანიის პოლიციას ჩააბარა.
პოლიციის ცნობით, მუჰანად ნ.-მ 150 000€ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ მინდენში, ახალ საცხოვრებელში გადასვლის შემდეგ იპოვა.
25 წლის მუჰანადმა თავისი ახალი ბინა საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით მოაწყო, სწორედ მათ მიაწოდეს დევნილს მეორადი ტანსაცმელიც.
როდესაც იგი ტანსაცმელს წმენდდა, ახალგაზრდამ დაფარულად ჩაკერებული ჯიბე აღმოაჩინა, რომელშიც ხის ორი პატარა ყუთი იდო.
აღნიშნულ ყუთებში მან 100 000€-ს დანაზოგების ქვითრები და 50 000€ ნაღდი ფული აღმოაჩინა.
„იქ სულ ახალი 500€-იანი ბანკნოტები იდო. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ყალბი იქნებოდა“, — უთხრა დევნილმა გერმანულ გაზეთ Bild-ს.
ამის შემდეგ, მუჰანადმა ინტერნეტში დაიწყო ინსტრუქციის ძებნა თუ როგორ გაერკვია, იყო თუ არა კუპიურები ყალბი, საბოლოოდ კი დარწმუნდა, რომ ფული ნამდვილი იყო.
ნაპოვნის შესახებ დევნილმა მიგრაციის სამსახურს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ ამბავი პოლიციას გადასცა. მუჰანადის თქმით, საკუთარი რელიგიური რწმენა მას ამ ფულის შენახვას უკრძალავდა.
„ალაჰი არასოდეს მომცემდა იმის უფლებას, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესები ვიღაცის ქონების ხარჯზე დამეკმაყოფილებინა“, — აღნიშნა სირიელმა დევნილმა.
ამ ეტაპზე, პოლიცია ფულის მფლობელის ვინაობის დადგენას ცდილობს.
მუჰანადი გერმანიაში 2015 წლის ოქტომბერში ჩავიდა. მისი ოჯახი კვლავ სირიაშია, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს.
გერმანული კანონების თანახმად, მუჰანადი მპოვნელის ჯილდოს — ნაპოვნი თანხის 3%-ს მიიღებს.