დღეს, ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის მიწურულს, ფრაქციის "ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აერთიანებს, ერთ-ერთმა წევრმა გია გოგუაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანაფრაქციელები ბოიკოტის ნიშნად პირველ ოქტომბრამდე საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან.
"ბატონო საკრებულოს თავმჯდომარევ, ჩემი განცხადება ვიცი გაგახარებთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ დავესწროთ საკრებულოს სხდომებს. ჩვენმა ფრაქციამ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა საკრებულოს წინაშე განსახილველად, რასაც კოლეგების მხრიდან სრული იგნორი მოჰყვა.
მოვითხოვდით დამდგარიყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაც გასული წლის ოქტომბერში ჩვენი პარტიის ოფისი დაარბია. არსებობს ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ იქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები. სწორედ, ამ იგნორის შედეგი იყო ისიც, რომ ბიუჯეტის განხილვისას იყო მცდელობა საკრებულოს სხდომაზე მოეწყოთ პროვოკაცია და შემდეგ ყველაფერი დაებრალებინათ ჩვენთვის. თქვენ ბატონო გოგი გასულ კვირას ფრაქციის სხდომაზე მოგიწვიეთ, თუმცა მივლინებაში ყოფნის მიზეზით არ დაგვესწარით, ხომ შეგეძლოთ გეთქვათ, როდის შეგეძლოთ მოსვლა და ფრაქციის სხდომას გადავდებდით. ამ ხელისუფლების გამოისობით ჩემი ოჯახის ორი წევრი პოლიტიკურ დევნილობაშია საზღვარგარეთ, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას თქვენ და მუნიციპალიტეტის გამგებელს გაკისრებთ.
ჩვენი ფრაქციის ერთადერთი მოთხოვნა იყო გვქონოდა კოლეგიალური ურთიერთობა და თანაბარ სამუშაო პირობებში ვყოფილიყავით. ჩვენ საკრებულოს სხდომებზე დასწრებას პირველ ოქტომბრამდე არ ვგეგმავთ", – აღნიშნა გოგუაძემ და სანამ საკრებულოს თავმჯდომარე კომენტარს გააკეთებდა, მანამ ფრაქციის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
დარბაზიდან მიმავალ ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა მიაძახა, ახლა საარჩევნო კამპანიას იწყებთ და ამიტომაც აღარ აპირებთ სხდომებს დაესწროთო.