ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, _ ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გამოცდებზე დღეს 8 ათასამდე აპიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო.
"ზუსტად 8 საათზე დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და გაგრძელდა ერთი საათის განმავლობაში. მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ამ პროცესმა. საგამოცდო ბუკლეტები ყველა აბიტურიენტისთვის ზუსტად 9 საათზე გაიხსნება. 4 საათი და 15 წუთია გამოცდისთვის გამოყოფილი. შარშანდელთან შედარებით წელს 15 წუთით არის პროცესი გაზრდილი, რადგან აბიტურიენტებს სიახლე შევთავაზეთ – ელექტრონული ბუკლეტის სახით. 1 სესია ზუსტად 4 საათსა და 15 წუთში დასრულდება. მეორე ნაკადის რეგისტრაცია 2 საათზე დაიწყება, ხოლო გამოცდა 3 საათზე", _ განაცხადა მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 – მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 – ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 – ზე მეტი პედაგოგი.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი,თელავი, ხულო.