“პუბლიკას” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი გაიმართა.
სხდომა დასრულდა მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დარბაზიდან გააძევა, საძაგლიშვილის გაძევების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა ადვოკატმა ნათია ჩაჩანიძემ, რის შემდეგაც დარბაზი ბრალდებულებმაც დატოვეს.
პროცესზე ჰაბიტოსკოპები იკითხებოდნენ. სწორედ მათი დაკითხვისას, ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მოსამართლემ მათ კითხვების დასმის საშუალება აღარ მისცა, რაზეც განმარტება მოითხოვეს, ამას კი გაძევება მოჰყვა.
„დღეს იკითხებოდა ჰაბისტოსკოპი. მას დაესვა შეკითხვები მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მისი კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტსაც კი, იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა პასუხი ისეთ მარტივ შეკითხვაზეც კი, თუ რა მეთოდოლოგიით ჩაატარა კვლევა. ამ უხერხულობის გადასაფარად მოსამართლემ ჩათვალა, რომ მას სჭირდებოდა დახმარება და უბრალოდ აღარ მოგვცა კითხვების დასმის საშუალება.
როდესაც განმარტება მოვითხოვეთ, რატომ მოხსნა ჩვენი კითხვები, მოსამართლემ გამაძევა სხდომის დარბაზიდან, რითაც ფეხქვეშ გათელა დაცვის უფლება“, – თქვა კახა კვაჭანტირაძისა და დავით გიუნაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
13-პირიანი საქმის ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.



































































