გიგი წერეთლის მიმართ რუსული დელეგაციის მხარდაჭერა პირდაპირი მანიშნებელია იმისა, „ნაციონალურ მოძრაობას“საქართველოში მხარს რა ძალები უჭერენ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში საუბრისას განაცხადა.
“ეს არის ბიზნესი, პოლიტიკა; ეს არის ორგანიზაცია, სადაც პოლიტიკურ ძალთა ჭიდილის ასპარეზია და პოლიტიკოსები ერთმანეთს მხარს ან უჭერენ, ან არ უჭერენ. კარგად გვახსოვს, ნაციონალების მმართველობის პერიოდში რუსეთის ბიზნესმა და ეკონომიკამ რამხელა ბენეფიტები მიიღო”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, ეუთო არის პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც პოლიტიკური ინტერესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
“არავის არ უნდა გაუკვირდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მხარს იმ კანდიდატს დავუჭერთ, რომელიც პოლიტიკურად ჩვენი თანამოაზრეა. ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, ჩვენი დელეგაციის შიგნითაც, საკუთარ პარტიულ ინტერესებს იცავს. ამის მაგალითს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იძლევიან”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ მათი პოზიცია სწორად აღიქვას.
“მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ჩვენი პოზიცია სწორად აღიქვას. ეს არ არის თემა, სადაც ქართველობის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი გადის და ჩვენი მომავალი კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ეს ტყუილია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატურა რომ ყოფილიყო წარდგენილი, ოპონენტების მხრიდან გაცილებით სხვა რიტორიკას და აგრესიას ვნახავდით”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.