გიგა კობალაძის თქმით, საქართველოში თანდათან მცირდება საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევები. მან ვრცლად ისაუბრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებზე.
გიგა კობალაძემ მსმენელებს დეტალურად გააცნო ასოციაციის საქმიანობა, ლიცენზირების წესი და მოთხოვნები ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურის შესახებ.
მან ასევე გვითხრა, რომ მეზობელ თურქეთში ახლა მიმდინარეობს დავა, რომელიც ქორეოგრაფიულ ანსამბლ “სუხიშვილებს” ეხება:
_ სტამბულში “სუხიშვილების” უფლება დაირღვა _ ცეკვის ერთ-ერთმა სტუდიამ კოპირება გაუკეთა სუხიშვილების პროგრამას. ინტერნეტში, მათ გვერდზე შესვლისას, “ასას” მუსიკა ისმის, რაც არის საავტორო უფლებების უხეში დარღვევა, ამისთვის მათ უნდა გადაიხადონ ფული და ამ ეტაპზე არ იხდიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ წავიდოდით თურქეთში და იქ ვერ დავიწყებდით საქმის გარჩევას. ეს მასალა ჩვენს პარტნიორს მივაწოდეთ სტამბულში და ის ძალიან მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას. პირველ რიგში, ამ სტუდიას აეკრძალა სუხიშვილების პროგრამის გამოყენება, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ თანხა გადაიხადონ.
შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტის თანაორგანიზებით შედგა.