გიორგი კალანდიას რეჟისორობით შექმნილ ფილმს – "ათონი ათასწლოვანი" სულ მალე მაყურებელი ტელეკომპანია "არტარეას" ეთერში იხილავს.
დოკუმენტური ფილმი "არტარეას" გადამღებმა ჯგუფმა ათონის მთაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მოამზადა.
ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს ათონისა და ზუგდიდის ვლაქერნის ხატში დაცული ღვთისმშობლის სარტყლის საოცარ ისტორიას, ასევე, ათონის წმინდა მთის სამი მონასტრის: ზოგრაფის, ვატოპედისა და ივერონის უნიკალურ კადრებს.
ფილმში ასახულია ძვირფასი ქართული ხელნაწერებისა და ნაქარგობების ისტორია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიიდან გამოსვენებისა და ლიტანიობის კადრები და ამავე ხატის ქართული ასომთავრული წარწერა.
ათონის მთაზე მოგზაურობისას „არტარეას" გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა ფირზე დაეფიქსირებინა ივერონის მონასტერში არსებული ქართველ ქტიტორთა ფრესკები, ზოგრაფის მონასტერში ბერების აკლდამა და კარიესში ექვთიმე მთაწმინდელის ფრესკა.
დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი კალანდიაა, ოპერატორი – გიორგი გოგელაშვილი, ხოლო მონტაჟის რეჟისორი – სოსო ხარატიშვილი.
ათონის მთაზე გადაღებული უნიკლაური კადრების გარდა ფილმში გამოყენებულია მუზეუმში დაცული საარქივო მასალებიც.
„ათონი ათასწლოვანის" საჯარო პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმის „არტარეას" ეთერში გასვლამდე შედგება.
ფილმის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე :https://www.youtube.com/watch?v=sJYL4mJKrEs
(R)