საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კუს ტბაში გამბუზიას ჯიშის თევზის გაშვება ზიკას ვისურთან კავშირში არ არის.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე.
"თევზის გაშვება ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება ზიკას, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება. კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკასთან ნამდვილად არ არის კავშირში", _ აღნიშნა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ზიკას გამავრცელებელ კოღოსთან საბრძოლველად კუს ტბაში თევზები გაუშვეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და "საქართველოს მეთევზეთა კლუბს" შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიას ჯიშის თევზები აბაშიდან ჩამოიყვანეს.