"მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან, არამხოლიდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები დაკავებულები არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ბრალდებებით" _ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ამ საკითხზე პრეზიდენტის მოსაზრება დღეს გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააჟღერა:.
“განსაკუთრებით ხაზი გვინდა გავუსვათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის ზღვარგადასულ გამონათქვამებს. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ამ მეგობრული ურთიერთობიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინის მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას.
თუმცა პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი. მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან, არამხოლიდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები დაკავებულები არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ბრალდებებით.
მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყნის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა და საკუთარ პილიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია. ამით პირველ რიგში ზიანს აყენებენ სახელმწიფოებრიობას”, – განაცხადა მიშველაძემ.