საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს ბოდშს უხდის.
ყველას სათითაოდ უნდა მოგიხადოთ ბოდიში ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს, _ ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს პედაგოგებს.
განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმართავდა, მომდევნო ერთი საათი კი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
"გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში – მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის ”დიდი, დიდი, დიდი ბოდიში” და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? – ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე", _აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს უთხრა, რომ 2-3 წელიწადში ერთობლივი ძალისხმევით, "მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე".