ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები მონიტორინგის განხორციელების მიზნით ამ ჯერზე ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს" ეწვივნენ იქ არსებული სიტუაციის შესასწავლად და პრობლემების გამოსავლენად.
საკრებულოს სოციალური კომისიის წევრებთან შეხვედრისას "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" თანამშრომლებმა წინა პლანზე ის მთავარი პრობლემა წამოწიეს, რომელიც წლებია აწუხებთ და მის მოსაგვარებლად გზა არ გამოინახა. კერძოდ, ყოფილი სასტუმროს შენობის მესამე სართულზე, სადაც "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია" განთავსებული არ არის არათუ სასმელი, არამედ ტექნიკური წყალი და თანამშრომლებს წყლის აზიდვა, სხვადასხვა დანიშნულებისთვის, სათლით უწევთ.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომისიამ მონიტორინგის შემდგომ გამოიტანა ვერდიქტი, რომ დაწესებულებაში აუცილებელია სამუშაო პირობების გაუმჯობესება და მთავარი, მოსაწესრიგებელია სველი წერტილები.
სხვა მხრივ კი "ჯანდაცვის ცენტრის" თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდზედამხედველობას, იმუნიზაციას და პრევენციულ ზომების განხორციელებას.
საგულისხმოა, რომ სამსახურის ხელმძღვანელობამ გარდა საკრებულოს წევრებისთვის საკუთარი პრობლემების გაცნობისა, შეხვედრისას ინიციატივაც წამოაყენა. მათი თქმით, სამსახურს აქვს შესაბამისი რესურსი, აღჭურვილობისა და სპეციალისტების სახით, რომ ადგილზევე შეიქმნას ლაბორატორია.
თუმცა, რამდენად განხორციელებადია ეს ინიციატივა, ეს უკვე მომავლის საქმეა, რადგან გარდა უკვე არსებული რესურსისა, რომელიც სამსახურს გააჩნია, სხვა რესურსებიცაა მოსაძიებელი.