ბაბუაწვერა მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა. მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. საქართველოში მისი ათამდე სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან ოთხი ენდემური ჯიშია.
ბაბუაწვერას სიკეთე, როგორც სააფთიაქო, ისე საკვები თვისებები, ოდითგან ცნობილია. ბაბუაწვერას სახეობას, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ, ფესვის ყელთან აქვს შეკრებილი ფრთისებრი, დანაკვთული ფოთლები. ამ ფოთლების სალათი ამოსახველებელ, შარდმდენ საშუალებად ნაცადი საშუალებაა. ასევე, იყენებენ ღვიძლის პრობლემების დროს.
რაც შეეხება ბაბუაწვერას მურაბას, მას გააჩნია იგივე სასარგებლო თვისებები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრმა ცარო შავიშვილმა გააკეთა ბაბუაწვერას მურაბა, რომელსაც თაფლის იერი უფრო აქვს და არომატულია.
ცარო შავიშვილი: _ ბაბუაწვერას შეგროვება საძნელო საქმედ მიაჩნიათ, თუმცა, ის გარკვეულ მინდვრებში, გაშლილ ველებზე საკმაოდ ბევრია. სახეობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ერთღეროიანია, მიწაზე გართხმული ფოთლებით.
მოვკრიფოთ 500 ცალი ბაბუაწვერას ყვავილი, გავრეცხოთ, დავწრიტოთ და დავასხათ ორ ლიტრზე ცოტა მეტი ანადუღარი წყალი. ორი ცალი კანგაცლილი და კურკაამოღებული ლიმონი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ამ მასაში. დავდგათ ერთი დღის განმავლობაში. მერე გავწუროთ და მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ორკილოგრამნახევარი შაქარი. მოვურიოთ და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ ორი საათის განმავლობაში. მივიღებთ თაფლის მსგავს ვაჟინს.
სიმართლე გითხრათ, ამ მურაბის გაკეთება ჩემთვის ინტერესის საგანი უფრო იყო. გამიგია, რომ ბაბუაწვერას გამხმარი ძირები სამკურნალო საშუალებაც არის შეკრულობის დროს და ხელს უწყობს მადის მომატებას.