მიმდინარე წლის მაისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მაღალი დონის ექსტრემალური შეჯიბრი "BZHUZHA RACE" საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში 11 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია) წარმომადგენელი, 70- მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
2 დღიანი შეჯიბრის ამსახველი კადრებით საიმიჯო კლიპიც მომზადდა, რომელიც გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის ფეისბუქის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა:
_ ასეთი კლიპის მერე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს ორი იმდენი მონაწილე იქნება, _ აღნიშნავს ერქომაიშვილი.
ის, რამაც ერქომაიშვილი აღაფრთოვანა, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის _ კლიპში 1 წუთსა და 55 წამზე ჩნდება კადრი, როცა უცნობი პიროვნება შარვალს იხდის და საზოგადოების წინ უკანალით პოზირებს.
_ ამას ჰქვია საიმიჯო კლიპი?! ვიღაც გადამთიელი გურიაში ჩამოსულა, "უკანალი" ყველასთვის მიუშვერია და ამით პიარს ვიკეთებთ?! _ ასეთ შეფასებებს წერენ "გურია ნიუსს" გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
თუმცა ვიდეოს ეს ფრაგმენტი სულაც არ აღიზიანებს ერქომაიშვილს. ჩვენს კითხვაზე, რამდენად აუცილებელი იყო შარვალჩახდილი მამაკაცის კადრის გამოყენება, გუბერნატორის მოადგილეს იუმორი მოეძალა:
_ ეტყობა რობი შემოიპარა იმ ღამით ბანაკში, _ აღნიშნა ერქომაიშვილმა და ტრადიციების მიმდევრობაც დაგვიწუნა.
აღსანიშნავია, რომ კლიპში შეჯიბრში მონაწილე უცხოელების გარდა, ოზურგეთელებიც მონაწილეობენ, რომლებმაც შეჯიბრის მიმდინარეობის დროს საზოგადოებას რამდენიმე პერფორმანსი წარუდგინეს.
პ.ს.იმის დასადგენად, თუ რატომ გახდა აუცილებელი კლიპში უკანალის გამოყენება იმ გვერდის ადმინისტრატორსაც მივწერეთ, რომელზეც აღნიშნული ვიდეო გამოქვეყნდა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მოგვიღია. იმ შემთხვევაში, თუკი კლიპის ავტორები საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ, "გურია ნიუსი" მას აუცილებლად გამოაქვეყნებს.